"გამოფიტული და აჩრდილად ქცეული, საქართველოს დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტი სიკვდილის პირასაა" - ამ სათაურით The Guardian-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ამბიციებზე სამყაროს ჯერ კიდევ 15 წლის წინ აფრთხილებდა.
The Guardian-ი წერს, რომ თბილისის საავადმყოფოში გამოკეტილი მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა იღუპება.
"სააკაშვილის საავადმყოფოში გადაღებული ფოტოები და ვიდეოები აჩვენებს, თუ რამდენად გამოფიტული და დაბნეულია ის. დამოუკიდებელი ექსპერტების ბოლო დასკვნაში ნათქვამია, რომ მისი ჯანმრთელობა სერიოზულად გაუარესდა და მალე მას ორგანოების შეუქცევადი დაზიანება დაემუქრება. მისი თქმით, დაკავების შემდეგ მისი წონა განახევრდა და 60 კგ-მდე შემცირდა...
ორი ათეული წლის წინ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა ვარდების რევოლუციას საქართველოში და მისი შემდგომი პრეზიდენტობის პირველ წლებს დასავლეთში ბევრი მიესალმა, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რეფორმების მოდელს. მან თანამდებობა დატოვა 10 წლის შემდეგ, შერეული რეპუტაციით, მისი რეფორმების დღის წესრიგი ჩავარდა 2008 წლის რუსეთის შეჭრით საქართველოში და მზარდი ავტორიტარიზმის ბრალდებებით.
ახლა იმ ადამიანის პატიმრობა და სწრაფი დაცემა, რომელმაც თავისი ქვეყანა დააყენა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ბევრი დასავლელი მოკავშირის მიერ განიხილება, როგორც ქვეყნის მოსკოვის გავლენის ორბიტაზე დაბრუნების სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოება აშკარად პროდასავლურია, მის მთავრობას ადანაშაულებენ რუსეთის ბრძანებების ფარულად შესრულებაში.
სააკაშვილი სამშობლოში რჩება საკამათო ფიგურად, მაგრამ ბევრი მათგანიც კი, ვისაც ის არ მოსწონს, შეწუხებულია იმით, თუ როგორ ექცევიან მესამე პრეზიდენტს. სააკაშვილი საქართველოში 2021 წელს დაბრუნდა უკრაინიდან, სადაც 2015 წელს ოდესის გუბერნატორად დაინიშნა მისი რეფორმისტული რწმენის საფუძველზე.
მას სურდა სამშობლოში, პოლიტიკაში დაბრუნებულიყო, მაგრამ 2021 წლის ოქტომბერში, ჩამოსვლისთანავე იგი დააკავეს. გასული წლის მაისში ის ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბევრი მიიჩნევს მის პატიმრობას, როგორც ვენდეტას მის წინააღმდეგ მისი პოლიტიკური კონკურენტის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ. ჯერ კიდევ 2012 წელს სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა, ქართულმა ოცნებამ შეცვალა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ივანიშვილი, ქართველი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში მოიპოვა. სააკაშვილის მოკავშირეები ამტკიცებენ, რომ ივანიშვილი რუსული აქტივია", - წერია სტატიაში.
The Guardian-ი აღნიშნავს, რომ ღიად პრორუსული პოზიცია არასოდეს მიიღება საქართველოში, სადაც ჯერ კიდევ ცოცხალია 2008 წლის ომის მოგონებები და სადაც მოსკოვი ჯერ კიდევ დე ფაქტო იკავებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ს.
"გამოკითხვები მუდმივად აჩვენებს, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ევროინტეგრაციის მომხრეა. თბილისის მასშტაბით შენობები მოხატული იყო უკრაინის დროშის ფერებით ან ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო ლექსიკით".
ასევე გამოცემა კრიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, იმასაც, რომ "ივანიშვილი, რომელიც ფორმალური როლის ნაკლებობის მიუხედავად, კვლავ მიიჩნევა, ქართული ოცნების მაკონტროლებლად, საბოტაჟს ახორციელებს ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე და აცხადებს, რომ მხარს უჭერს მას, რითაც მოსკოვის წისქვილზე წყალს ასხამს".
"ევროკავშირის მთავარი გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დეკემბერში იქნება მიღებული, მას შემდეგ რაც გასულ წელს გადაიდო, როდესაც სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს. თებერვალში ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც სააკაშვილის დაკავებას მის წინააღმდეგ "პირად ვენდეტად" ახასიათებდა და მის გათავისუფლებას მოითხოვდა. მმართველმა კოალიციამ მოთხოვნები უგულებელყო", - წერია სტატიაში.
სტატიის ავტორის თქმით, ბევრი ქართველისთვის უფრო შემაშფოთებელი, ვიდრე სააკაშვილის პატიმრობაა, იყო გასულ თვეში ახალი კანონპროექტის მიღება უცხოური აგენტების შესახებ. კრემლის მიერ მიღებულ კანონმდებლობასთან მსგავსების გამო მას "რუსული კანონი" უწოდეს, რამაც გამოიწვია პროტესტი თბილისში და საბოლოოდ მთავრობის მიერ უკან დახევა.
The Guardian-ი იმაზეც წერს, რომ მმართველი პარტიის პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით ორაზროვანია და ქართული ოცნების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ზედმეტად პროუკრაინული პოზიციის გამო, კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის შესაძლოა ისევ განახლდეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამის შედეგად, საქართველომ შეამცირა კიევის მხარდაჭერა, რაც ბევრი ქართველის შეშფოთებას იწვევს.
"სააკაშვილი ივანიშვილს პუტინის ბრძანებით დაკავებაში ადანაშაულებს. პუტინს სააკაშვილს ეზიზღებოდა და 2008 წლის ომის დროს საფრანგეთის მაშინდელ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან საუბრისას თქვა, რომ მისი კვერცხებით დაკიდება სურდა".
გამოცემა წერს, რომ "დაახლოებით იმ პერიოდში დასავლეთში ბევრმა უარყო სააკაშვილის გაფრთხილებები პუტინის შესახებ და აღიქვა ეს ყველაფერი როგორც პანიკა, მაგრამ ახლა ზოგს აინტერესებს, შეიძლებოდა თუ არა ის მართალი ყოფილიყო".
"ახლა, სააკაშვილის თქმით, პუტინი თავის მუქარას ახორციელებს. მისი გუნდი ასევე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მძიმე ლითონებით მოწამლეს და რეგულარულად აწამებენ".
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, The Guardian-ი აღნიშნავს, რომ "ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში გაფართოებისადმი მიდრეკილება მინიმალურია, მაგრამ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შესაძლებლობა მისცა საქართველოს მსგავს ქვეყნებს დაჟინებით მოითხოვონ ბრიუსელისგან მოქმედება, თუ მას არ სურს ღია დატოვოს გზა რუსეთის ბატონობისთვის".
"მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი მრავალი ქართველისთვის საერთაშორისო დონეზე საკამათო ფიგურად რჩება, ამ ადამიანის პატიმრობა, ალბათ, ყველაზე დიდი დაბრკოლებაა საქართველოს მომავალზე პოზიტიური გადაწყვეტილების მისაღებად, ბალტიის ქვეყნების მთავრობებში სააკაშვილის ძლიერი მხარდაჭერის გათვალისწინებით. თავად საქართველოში სააკაშვილის ციხეში მყოფმა ფოტოებმა და ვიდეოებმაც კი შოკში ჩააგდეს მისი მრავალი კრიტიკოსი", - წერია The Guardian-ის სტატიაში.